weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ღარიბაშვილის გადადგომაზე კითხვები არასერიოზულია – კობახიძე

13:26 ორშაბათი, 12 ივლისი 2021

კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით არის არასერიოზული და ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ უთხრა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მისი მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომა გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააყენეს მედიის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის ნაწილმა. ღარიბაშვილს თანამდებობის დასატოვებლად მიცემული ვადა დღეს, 12:00 ამოეწურა. ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, რას აპირებს ღარიბაშვილი და რატომ არ მიდის თანამდებობიდან.

„რაც შეეხება გუშინ მოვლენების განვითარებას, ეს მოვლენები წარიმართა არასწორი მიმართულებით და ეს არის ძალიან რბილი შეფასება. გუშინ დილიდან ნოდარ მელაძემ იცოდა ყველაფერი და ამის მიუხედავად, მან საკუთარი გარდაცვლილი კოლეგის სიკვდილზე გადაწყვიტეს პოლიტიკური ქულების ჩაწერა, რაც არის ამორალური ქმედება. სხვა შეფასება ამას არ შეიძლება ჰქონდეს. საზოგადოებამ უკვე იცის, რაშიც იყო საქმე. რაში იყო საქმე, ამას იტყვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ალბათ, დღეს საღამოს, როდესაც საბოლოოდ დასრულდება ექსპერტიზა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არის არასერიოზული და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე არასერიოზულია საპარლამენტო ოპოზიციის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის წამოწყება.

„პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე დაიწერონ პოლიტიკური ქულები. ეს ადამიანები, როგორიც არის ნოდარ მელაძე, ჭუტა, გვარამია და ა.შ., არიან მორალური ფსკერი. ეს მათ აჩვენეს გუშინ და აჩვენებდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – ამბობს კობახიძე.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, 36 წლის ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს, თბილისში ძალადობრივი აქციის გაშუქების დროს, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში სასტიკად სცემეს და სახის ძვლები დაუმტვრიეს, გუშინ, დილით, საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ ნახა. ლაშქარავას დაშავების შემდეგ თვალის არეში ოპერაცია დასჭირდა. ის 5-დან 8 ივლისის ჩათვლის კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის თქმით, ლექსო ლაშქარავა 8 ივლისს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა, გაწერის წინ კი მას კიდევ ერთხელ ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია. ლექსო ლაშქარავას სიკვდილის უშუალო მიზეზი ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მიანიშნა, რომ ოპერატორი შესაძლოა ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]